თომას მანი დოსტოევსკი - ოღონდ ზომიერად (წინასიტყვაობა დოსტოევსკის რჩეული რომანებისა და მოთხრობების ამერიკული ერთტომეულისათვის)
„დაიალ პრესის“ წინადადება, დამეწერა წინსასიტყვაობა დოსტოევსკის რომანებისა და მოთხრობების იმ კრებულისათვის, რომელშიც მწერლის ექვსი მცირე თხზულებაშედიოდა, იმთავითვე ფრიად მიმზიდველი მეჩვენა. გამომცემლის ზომიერება, რაც ამ წიგნის მოცულობას განსაზღვრავდა, უთუოდ დაამშვიდებდა და გაამხნევებდა კომენტატორს, რომელსაც ძრჭოლა თუ არა, შიში მაინც დაეუფლებოდა, როდესაც დოსტოევსკის უკიდეგანო სამყაროს შესწავლასა და განხილვას დაისახავდა მიზნად; ეს შემთხვევა რომ არა, კრიტიკოსს დიდი რუსი მწერლის წინაშე იქნებ ვერც ვერასდროს მოეხადა ვალი. ახლა კი, რადგან წინასიტყვაობა განსაზღვრული მოცულობის, გარკვეული ხასიათისა და მიზნის უნდა ყოფილიყო და შემეძლო საგრძნობლად შემეზღუდა თავი - ამის ხორცშესხმის საშუალება მეძლეოდა. საოცარია: ჩემი სამწერლოს მოღვაწეობის მანძილზე საფუძვლიანად ვსწავლობდი ტოლსტოისა და გოეთეს - თითოეულ მათგანს რამდენიმე გამოკვლევა ვუძღვენი. მაგრამ ჩემი სულიერი ჩამოყალიბების ორ სხვა ფაქტორზე - ნიცშეზე და დოსტოევსკიზე, რომელთაგან არანაკლებ ვარ დავალებული, ღირსეული არაფერი დამიწერია: მათ კი ასერიგად შემძრეს ყმაწვილკაცობისას, მოწიფულობის ჟამს უფრო ღრმავდებოდა და ძლიერდებოდა ეს ზეგავლენა. მეგობრები სულ მიკიჟინებდნენ, ნიცშეზე სტატია დაწერეო. თავიდანაც ვიცოდი, აუცილებლად უნდა დამეწერა, მაგრამ იგი დღემდე მიუძვეველ ვალად მრჩება... ხოლო „ღრმა, დანაშაულებრივი და წმინდა სახება დოსტოევსკისა (ასე ვთქვი ერთხელ) ხანდახან გაიელვებს ხოლმე და უმალ ქრება ჩემი ნაწერებიდან. საიდან იშვა, ნეტავ, ჩემში მისწრაფები - დუმილით ავუარო გვერდი ასეთ თემებს, მაშინ როცა ამ ორი ოსტატის სიდიადემ, ლიტერატურის ცარგვალზე მარადი შუქით რომ ანთია, სუსტი, მაგრამ საკმაო ენამჭევრობა მომმადლეს? თუმცა ეს გასაგებია - თბილი ირონიითა და აღფრთოვანებით მისაგებლის მიგება ღვთიური ნიჭით გასხივოსნებული, ამაღლებული უბრალოებითა და დაურღვეველი სიმრთელით მომადლებული ბუნების შვილთათვის უფრო მეადვილებოდა; თაყვანს ვცემდი დიადი კულტურის შემქმნელ გოეთეს ავტობიოგრაფიულ არისტოკრატიზმს და „რუსული მიწის დიდი მწერლის“ ტოლსტოის დათვის ძლასა და ტიტანურ პირველქმნილ სინედლეს. იმ ტოლსტოისას, რომელიც გოლიათის მიამიტობით მუდამ ამაოდ ცდილობდა მის მიერ არსებოთად ხორცშემსხმულ წარმართული ძალების ზნეობრივ ასულდმულებას. მაგრამ მე მუდამ ვგრძნობდი მოკრძალებას, დუმილს რომ მაიძულებს, ისეთ მისტიურ მოკრძალებას. განკიცხულთა რელიგიური სიდიადის წინაშე; რომ მავალდებულებს შევცქეროდე გენიას, ვითარცა სალმობას, და სალმობას - ვითარცა გენიას; რომ მიბიძგებს - თავმოდრეკილი ვუყურებდე შეჩვენებულთა და შეშლილთ, რომელთა სულშიც წმინდანი და დამნაშავე განუყოფელია...
დემონურს ლექსად უნდა შეესხას ხოტბა, რა საჭიროა მასზე მსჯელობა? - მაინც ასე მგონია. იგი ნაწარმოების სიღრმიდან უნდა მომდინარეობდეს შეძლებისდაგვარად იუმორით შეფერილი. მისდამი კრიტიკული ეტიუდების მიძღვნა, უბრალოდ რომ ვთქვათ, კადნიერებაა. ყველაფერს ამას იქნება იმიტომაც მოგახსენებთ, - და ეს ასეცაა. - რომ ჩემი სიზარმაცე და სიმხდალე გავამართლო. საოცრად ადვილი და იოლია წარმართულ ღვთაებრივ სიმრთელეზე წერო, ვიდრე წმინდა სალმობაზე. შეიძლება თავი ბუნების მირონცებული შვილებით შეიქციო, განსაკუთრებით კი მათი გულუბრყვილობით, მაგრამ ცოდვილთა, მონანიეთა და შეშლილთა დაცინვა არ ეგების. წარმოუდგენელია დოსტოევსკისადა ნიცშეს იმგვარად დასცინო, როგორც ერთ რომანში ბედის ნებიერა ეგოისტ გოეთეს და ერთ-ერთ სტატიაში - ტოლსტოის მოძღვრების გრანდიოზულ წინააღმდეგობრიობას მოვექეცი. აქედან გამომდინარე, უფრო მოკრძალებული გახლავართ ჯოჯოხეთის მოციქულთა, დიდი ღვთისმოსავებისა და შეშლილების მიმართ, ვიდრე ერისკაცთა წინაშე. სწორედ ამიტომაც ვარ კმაყოფილი, რომ აღმძრეს გამომეთქვა, სხვათაშორის, ზოგიერთი ძალზედ შეზღუდეული და ზომიერი მოსაზრება. როცა ვკითხულობ „ზარატუსტრას“ თავს „ფერმიხდილ დამნაშავეზე“ - ამ გენიალური ნაწარმოების პათოლოგიური შთაგონებით შექმნილ მონაკვეთს თვალწინ ყოველთვის თეოდორ დოსტოევსკის მოწამეობრივი და საშინელი სახე წარმომიდგება. ჩვენთვის ნაცნობი რამდენიმე კარგი პორტრეტიდან. უფრო მეტიც, მჯერა მისი სახე მუდამ გონების თვალწინ უტრიალებდა ახირებულ სილსმარიელ კაცსაც, რომელსაც უკურნებელი თავის ტკივილი ტანჯავდა (იგულისხმება ნიცშე, იგივე სილს-მარიელი კაცი, რამეთუ დოსტოევსკის თხზულებებმა მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა: იგი წერილებში და წიგნებში ხშირად იშველიებდა მათ, როდესაც, როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთხელაც არ უხსენებია ტოლსტოი). იგი დოსტოევსკის მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე უდიდეს ფსიქოლოგს უწოდებს, ხოლო თავისებური მოკრძალებით აღფრთოვანების გამო კი - „დიად მასწავლებელს“, თუმცა, ჭეშმარიტად აღმოსავლელ სულიერ მამასთან მის დამოკიდებულებას ძნელად თუ ამჩნევია შეგირდის კვალი, უფრო სწორად, ისინი სულიერი ძმები იყვნენ მიუხედავად მათი წარმომავლობისა და ტრადიციებისა. ბედისწერამ საშუალო დონიდან ტრაგიკულ-გროტესკულობამდე ერთნაირად აამაღლა ნიცშეცა და დოსტოევსკიც: ერთი გერმანელი პროფესორი, ვისი ლიუციფერული (ავადმყოფობით განპირობებული) გენია მომწიფდა კლასიკური განათლების, ფილოლოგიური განსწავლულობის, იდეალისტური ფილოსოფიისა და მუსიკალური რომანტიზმის ნიადაგზე, მეორე - ბიზანტიელი ქრისტე, ვისაც თავიდანვე არ ხვდომია წილად ზოგიერთი ჰუმანისტური დაბრკოლება, რამაც ნიცშეს განვითარება განაპირობა; დოსტოევსკი შეიძლებოდა აღმქმულიყო როგორც მისი „დიადი მასწავლებელი“, უბრალოდ იმის გამო, რომ იგი არ გახლდათ გერმანელი (ნიცშეს ყველაზე დიდი მისწრაფება გერმანულობისაგან თავის დაღწევა იყო) და აგრეთვე იმიტომაც, რომ ნიცშეს ბიურგერული მოვალეობებისაგან ათავისუფლებდა და ნებისყოფას განუმტკიცებდა ტრადიციასთან ფსიქოლოგიური განხეთქილება, შემეცნების დანაშაულებრივი
მიჯნები. შეუძლებლად მეჩვენება დოსტოევსკის გენიაზე კაცმა ისე ილაპარაკო, რომ ერთხელ მაინც არ ახსენო სიტყვა “დანაშაული“. ამ ცნებას ცნობილი რუსი კრიტიკოსი მერეჟკოვსკი თავის ნაშრომებში „კარამაზოვების“ შემოქმედებაზე მრავალგზის იხსენიებს და ორაზროვნადაც: ამ სიტყვით იგი ხან თვით დოსტოევსკის და მისი შემოქმედების დანაშაულებრივ ცნობისმოყვარეობას ახასიათებს, ხანაც ამ შემეცნების ობიექტს - ადამიანის გულს, რომლის უიდუმალესი უდანაშაულებრივესი მოძროაბა მწერალს სააშკარაოზე გამოაქვს. „მას რომ კითხულობ, - წერს მერეჟკოვსკი, - გაშინებს მისი ყოვლისმცოდნეობის, სხვის სინდისში წვდომის უნარი. ჩვენ მასთან ჩვენსავე იდუმალ ზრახვებს ვხდებით, რომელსაც არათუ მეგობარს, საკუთარ თავსაც არ ვუმხელთ ხოლმე“. მაგრამ სხვისი სულის, თითქოსდა კლინიკური შესწავლისა და მასში შეღწევის ობიექტურობა, დოსტოევსკისთან მხოლოდ მოჩვენებითია; სინამდვილეში მისი შემოქმედება უფრო ფსიქოლოგიური ლირიკაა ამ სიტყვის უფართოესი გაგებით, ესაა აღსარება და სისხლის გამყინავი აღიარება, საკუთარი სინდისის დანაშაულებრივი სიღრმეების ულმობელი გახსნა. ასეთია მისი უზარმაზარი მორალური დამარწმუნებლობის წყარო, ასეთი საშინელი რელიგიური ძალისაა მისი მოძღვრება სულზე. დაპირისპირებისთვის საკმარისია მოვიშველიოთ პრუსტი, მისი ფსიქოლოგიური nouveautes (სიახლენი), ის მოულოდნელობანი და ზიზილ-პიპილები, რომლებიც ესოდენ უხვადააა მის წიგნებში, რომ თვალნათლივ დავინახოთ სხვაობა ამ მწერლების შემოქმედებით მიმართულებებს შორის. ფრანგის ფსიქოლოგიური მონაპოვარი, სიახლენი და სითამამე ჩხირკედელაობაა დოსტოევსკის ამაზრზენ გულახდილობასთან შედარებით, იმ დოსტოევსკისა, ვინც ჯოჯოხეთი იხილა. შეეძლო თუ არა პრუსტს შეექმნა რასკოლნიკოვი, დაეწერა „დანაშაული და სასჯელი“ - ყველა დროის უდიდესი რომანი სისხლის სამართლის დამნაშავეებზე? საამისოდ მას ცოდნა კი ეყოფოდა, ოღონდ, აი, შეგნება? სინდისი? ხოლო გოეთე, რომელიც ყველა თავის ნაწარმოებში - „ვერთერიდან“ დაწყებული „არჩევითი ნათესაობით“ დამთავრებული - დიდი ფსიქოლოგი გახლდათ, - გულახდილად და პირდაპირ აცხადებს, რომ მას არასდროს სმენია ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შეძლებდა. ეს არის იმ ადამიანის სიტყვები, ვისაც საკუთარი სინდისი დიდის პიეტისტური სიღრმით ჰქონდა შესწავლილი, ოღონდ ამ სიტყვებში ელინური სულიერი სიფაქიზის ელემენტები ჭარბობს. ცხადია, ეს უსულგულო, ცივი გამონათქვამი ბიურგერული ქველმოქმედების აბუჩად ადგებაა, მაგრამ მასში უფრო მეტი გულგრილობა და მედიდურობაა, ვიდრე ქრისტიანული თვითდამცირება, მასში უფრო მეტი უტიფრობაა, ვიდრე სიღრმე - რელიგიური თვალსაზრისით ტოლსტოი, მიუხედავად მისი ყოველგვარი ქრისტიანული მისწრაფებებისა, არსებითად, გოეთესაგან არაფრით განსხვავდება. „მე არაფერი მაქვს ადამიანებთან დასაფარავი, - ამბობდა ტოლსტოი, დე, მათ იცოდნენ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ“. შეადარეთ ამას „ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან“. გმირის აღსარება, სადაც იგი თავის იდუმალ ბიწიერებაზე ასე ლაპარაკობს: „უკვე მაშინ ჩემს სულში ფესვგადგმული იყო ჩემი იატაკქვეშეთი. საშინლად შემეშინდა, ვაი თუ ვინმემ დამინახოს, შემხვდეს ან შემიცნოს-მეთქი“. მის ცხოვრებაში გულახდილობის კარი სრულიად დახშული იყო და ამიტომაც იქ ჯოჯოხეთური იდუმალება გახლდათ გემეფებული.
უეჭველია, რომ ამ ტიტანური მხატვრის ქვეცნობიერება და ცნობიერებაც კი მუდამ დამძიმებული იყო ცოდვა-ბრალისა და დამნაშავეობის გრძნობით, თანაც ეს გრძნობა არასოდეს ყოფილა იპოქონდრიული ხასიათისა, იფი დაკავშირებული იყო მის „წმინდა“, მისტიურ ავადმყოფობასთან - „Katexochen” (უმთავრესად), კერძოდ კი ეპილეპსიასთან - ამ სენით იგი სიყრმიდანვე იყო დაავადებული, მაგრამ სენი უფრო საბედისწეროდ 1849 წლის შემდეგ უფრო გაძლიერდა, როცა 28 წლის დოსტოევსკის თავს მოახვიეს, დასწამეს შეთქმულებაში მონაწილეობა და სიკვდილი მიუსაჯეს (იგი ეშაპოტზე იდგა, სიკვდილს თვალებში შეჰყურებდა, როცა უკანასკნელ წუთს შეწყალება მოვიდა და სიკვდილი 4 წლის ციმბირის კატორღით შეუცვალეს). დოსტოევსკის აზრით, ავადმყოფობას სულიერ და ფიზიკურ ძალთა ამოწურვა უნდა მოჰყოლოდა, შემდეგ სიკვდილი ან გაგიჟება. ბნედა, ჩვეულებრივ, თვეში ერთხელ მოუვლიდა ხოლმე, მაგრამ ხანდახან უფრო ხშირადაც -ზოგჯერ კვირაში ოპრჯერაც კი. ეს ამბავ მას ბევრგზის აღუწერია ხან ნაწარმოების ავტორისეულ ნაწილში, ხანაც საკუთარი ტანჯვა რომანების იმ გმირებზე გადაუტანია, რომელთა ფსიქოლოგიაც აინტერესებდა, ვთქვათ, ბილწ სმერდიაკოვზე, „იდიოტის“ გმირზე - თავად მიშკინზე, ნიჰილისტსა და შმაგ კირილოვზე - „ეშმაკნის: მთავ მოქმედ პირზე. მისი აღწერით, ბნედიანისათვის ორი რამ არის დამახასიათებელი: შინაგანი აღტაცების, ჰარმონიის, უმაღლესი განცხრომის უებრო გრძნობა, რაც წამიერად უსწრებს შეუდარებელ, არაადამიანური ტკივილის თანმხლებ კრუნჩხვას. ყოველივე ამას კი საშინელი დეპრესიისა და ღრმა გამოთიშვის, სულიერი არევისა და საძაგელი სიცარიელის შეგრძნება მოსდევს. ეს რეაქცია ამ ავადმყოფობისათვის უფრო ნიშანდობლივად მიმაჩნია, ვიდრე ის აღფრთოვანება, შეტევას რომ უძღვის წინ. დოსტოევსკი წერს: „არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ნეტარება - წამობით, საათობით თუ თვეობით, მაგრამ ერწმუნეთ ჩემს სიტყვას, ყოველგვარ სიხარულს, რაც კი შეიძლება ცხოვრებამ მომანიჭოს, მასზე არასდიდებით არ გავცვლიდი“. ბნედას, როგორც ნამთვრალევს, თავბრუხვევა მოსდევდა, რაც „დიდი ბნედიანის“ აღიარებით წარმოჩნდებოდა ისე, რომ იგი „თავს ბრალეულად გრძნობდა“, ეჩვენებოდა, თითქოს რაღაც უხილავი დანაშაული მძიმე ტვირთად დააწვა. არ ვიცი, რას ფიქრობენ „წმინდა ავადმყოფობაზე“ ნევროპათოლოგები. მაგრამ მგონია, მას სექსუალურ სფეროში აქვს ფესვები გადგმული და იგი სექსუალური დინამიკის აფეთქების სგამოვლენას. გარდაქმნილ და ტრანსფორმირებულ სქესობრივ აქტს, მისტიურ გარყვნილებას უფრო წარმოაგდენს, ვიმეორებ, ამ მოსაზრებით უფრო სარწმუნოდ და დამაჯერებლად მიმაჩნია ბნედის შემდგომ წუთებში სინანულისა და მონანიების განცდა, ვიდრე მეყსეული ნეტარება, რაც წინ უსწრებს მას და „რისთვისაც შეიძლება მთელი იცოცხლეც კი დათმო“. უეჭველია, რომ როგორადაც არ უნდა ემუქრებოდეს ავადმყოფობა დოსტოევსკის სულიერ ძლებს, მისი გენია მაინც მჭიდროდაა დაკავშირებული ამ სენთან და ამ სენითვეა გაცისკროვნებული, იმდენად, რომ მწერლის ფსიქოლოგიური ნათელხედვა , დამნაშავის სულიერი სამყაროს მისეული ცოდნა , ცოდნა იმისა, რასაც აპოკალიფსი „სატანურ სიღრმეებს უწოდებს, - უწინარეს ყოვლისა, დოსტოევსკის უნარი, შექმნას რაღაც უხილველი დანაშაული შეგრძნება, რაც ზოგჯერ თითქოს მწერლის საოცარი პერსონაჟების არსებობის ფონს წარმოადგენს - ყველაფერი ეს უშუალოდ ამ სნეულებასთანაა დაკავშირებული. სვიდრიაგილოვის ("დანაშაული და სასჯელი") წარსულში არის "ველური, ასე ვთქვათ ფანტასტიკურ ავაზაკობასთან შერწყმული სისხლის სამართლის საქმე, რისთვისაც იგი
ნამდვილად და ნაღდად შეიძლებოდა ციმბირში გაესეირნებინათ." ცოტა თუ ბევრად ცნობისმოყვარე ფანტაზიას ძალუძს იგუმანოს, რაზეა აქ ლაპარაკი - აქ უეჭველად ნაგულისხმევია ავხორცობის ნიადაგზე ჩადენილი ბოროტმოქმედება, ალბათ, ბავშვის გახრწნა. ეს არის სწორედ საიდუმლოება ან საიდუმლოების ნაწილი იმ ცივი და უაღრესად საზიზღარი ზეადამიანის სტავროგონისა ("ეშმაკნი"), ვისზეც ლოცულობენ, ვისაც თაყვანს სცემენ უფრო სუსტი ქმნილებანი და ვინც, შესაძლოა, მსოფლიო ლიტერატურის უაღრესად ამაზრზენი და, ამასთანავე, მიმზიდველი სახეც იყოს. ცნობილია ამ რომანის მოგვიანებით დაბეჭდილი ნაწყვეტი "სტავროგინის აღსარება", სადაც გმირი, სხვათა შორის. პაწია გოგონას გახრწნის ამბავს ჰყვება. აშკარაა, ეს სამარხცვინო დანაშაული მუდამ იტაცებდა მწერლის ზნეობრივ ზრახვებს. ამტკიცებენ, რომ ერთხელ დოსტოევსკიმ თავის განთქმულ თანამემამულეს -- ტურგენევს, რომელიც სძულდა და ეზიზღებოდა დასავლეთისადმი სიმპათიების გამო, გაუმხილა ამგვარი საკუთარი ცოდვა. რა თქმა უნდა, ეს სიცრუე გახლდათ, რითაც დოსტოევსკის ნათელი სულის პატრონისა და ჰუმანური ტურგენევის, ვისთვისაც სრულიად უცხო იყო ყოველგვარი "სატანური სიღრმეები", შეშინება და შეცბუნება სურდა. ერთხელ პეტერბურგში, - მაშინ დოსტოევსკი უკვე ორმოც წელს იყო გადაცილებული და იმ ცნობილი წიგნის ავტორი გახლდათ, რომელმაც თვით მეფეც კი აატირა, - ერთ ნაცნობთან, სრულიად ნორჩი ოჯახის წევრი გოგონების თანდასწრებით, მოჰყვა სცენას ჯერ კიდევ სიყმაწვილეში ჩაფიქრებული რომანიდან" მდიდარი, პატივდებული და საკმაოდ განათლებული მემამულეიგრძნობს, ოცი წლის წინატ, სმისას, ღამენათევმაგალეშილი მეგობრების წაქეზებით, როგორ გააუპატიურა ათი წლის გოგონა. - თეოდორ მიხეილის ძევ, - იყვირა ოჯახის დიასახლისმა და შეძრწუნებულმა ხელი ხელს შემოჰკრა, - ღმერთი არა გწამთ! აქ ხომ ბავშვები არიან! დიახ, ეს თეოდორ მიხეილის ძე თანამედროვეთათვის მართლაც საოცარი პიროვნება უნდა ყოფილიყო. ნიცშეს ბნედა არ სჭირდა, თუმცა შეიძლებოდა "ზარატუსტრასა" და "ანტიქრისტეს" ავტორი ბნედიანადაც ადვილად წარმოგვედგინა. მან მრავალი ხელოვანის, განსაკუთრებით კი მუსიკოსთა ბედი გაიზიარა (იგი, გარკვეული აზრით, მუსიკოსებსაც შეიძლება მივაკუთვნოთ): დაიღუპა პროგრესული დამბლით, სენით, რომლის სექსუალური წარმოშობა არავითარ ეჭვს აღარ იწვევს. მეცნიერებამ რა ხანია ეს ავადმყოფობა სიფილისის შედეგად შერაცხა. თუ ნიცშეს სულიერ განვითარებას ბუნებისმეტყველებისა და მედიცინის თვალლსაზრისით ჩავუღრმავდებით (რაც ძალიან ზღუდავს საერთოდ პერსპექტივას), იქ შეგვიძლია სხვადასხვა ფუნქციათა გადაგვარებისა და დაძაბუნების სიდამბლით გამოწვეული პროცესი ვიხილოთ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მომაკვდინებელი შემეცნებისა და ზნეობრივი სიმარტოვის ცივ სფეროში ნიჭიერების ნორმალური დონიდან იმ სიმაღლეზე აღზევების პროცესი, როცა ადამიანის საგანთა არსში წვდომის საშინელი უნარით განიმსჭვალება, როცა იგი გადალახავს ყოველგვარ ნებადართულ ზღვარს; ნიცშეს ნაზი და კეთილი ბუნებისათვის უაღრესად ნიშანდობლივი იყო ადამიანებისადმი სიბრალული. ბუნებას იფი ასეთი "დანაშაულისათვის" სრულიადაც არ შეუქმნია, ოღონდ ჰამლეტივით გარემოების საყვირი კი იყო.
"დანაშაული" - ამ სიტყვას ვიმეორებ, რათა დოსტოევსკისა და ნიცშეს ფსიქოლოგიური ნათესაობა დავახასიათო. ტყუილად კი არ გრძნობდა დიდი გერმანელი რუსი მწერლისადმი უდიდეს ლტოლვას, ვისაც მან თავისი "დიდი მასწავლებელი" უწოდა. მათ აახლოვებთ ექსტაზურობა, ჭეშმარიტების შემეცნება, რომელიც მეყსეულ ნახევრადშეურაცხადი გამოვლინების შედეგად წარმოიშობა და, ამასთანავე, - რელიგიური, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სატანური მორალიზმი, რასაც ნიცშესთან ანტიმორალიზმი ჰქვია. მართალია, ფრიდრიხ ნიცშემ არ უწყოდა დანაშულის მისტიური შემეცნება, რაც, როგორც ზემოთ დავინახეთ, ნიშანდობლივი იყო დიდი ბნედიანისთვის. ოღონდ, ის კი, რომ მას საკუთარი მსოფლშეგრძნება ეხმარებოდა შეეცნო დამნაშავის ფსიქოლოგია, მისი ერთერთიო აფორიზმიდანაც ჩანს: "მე ამ წუთში მიჭირს მისი მოძებნდა, მაგრამ მისი აზრი ზუსტად მახსოვს." ნიცშე ამტკიცებს, რომ ბიურგერულად საყოველთაოდ აღიარებულიდან ყოველგვარი სულიერი განდგომა და განკერძოება, აზრის ყოველნაირი დამოკიდებულება და ტრადიციის უარყოფა ნიშანდობლივია დამნაშავის მსოფლშეგრძნებისათვის და მის სულიერ სამყაროში შეღწევის საშუალებას იძლევა. ჩემი აზრით, უფრო შორს წასვლა და იმის თქმაც შეიძლება, რომ ეს ეხება საერთოდ ყოველგვარშემოქმედებითს ორიგინარულობას, ყოველგვარ მხატვრულ შემოქმედებას ამ სიტყვის ყოვლისმომცვლელი გაგებით. ფრანგმა მხატვარმა და მოქანდაკემ დეგამ ერტხელ ბრძანა: "მხატვარი თავის ნაწარმოებს ისეთივე გრძნობით უნდა მოეკიდოს, რა გრძნობითაც დამნაშვე ბოროტებას სჩადისო." "ხელოვანს წარმოშობენ განსაკუთრებული გარემოებანი, - ამბობდა თვით ნიცშე. ისინი უაღრესად ნიშანდობლივია ავადმყოფური მოვლენებისათვის და მათთანვეა დაკავშირებული; ასე რომ, შეუძლებელია იყო მხატვარი და არ იყო სნეული". გერმანელმა სნეულმა, ალბათ, არ იცოდა თავისი ავადმყოფობის ბუნება, მაგრამ ის კი ბრწყინვალედ უწყოდა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო მისი მადლიერი და ყველგან - პირად წერილებსა თუ თხზულებებში - ქება-დიდებას აღავლენდა შემეცნებისათვის სნეულების მნიშვნელობას. დამბლა. - და ალბათ მისი თანმხლები, დაზიანებული ტვინის ნაწილების ჰიპერემია, - ავადმყოფში იწვევს ნეტარების თავბუდამხვევი გრძნობის ტალღებს და ძალებს. სასიცოცხლო ძალთა აღზევების სუბიექტურ შეგრძნებასა და შესაძლებლობათა რეალურ, თუმცა, მედიცინისენით რომ ვთქვათ, პათოლოგიურ აღორძინებას, ვიდრე სნეულება თავის მსხვერპლს სიგიჟის წყვდიადში გახვევდეს და მოაშთობდეს, ანიჭებს მას სიმძლავრისა და უჩვეულო სიმსუბუქის განჭვრეტის, ნეტარი აღმაფრენის მაცდურ შეგრძნებას, - მაცდურს ჯანმრთელობისა და ნორმის თვალსაზრისით, - რაც ადამიანს აღავსებს საკუთარი თავისადმი მოწიწებით, ატყობინებს მას, რომ ასეთი სასწაული ათასწლეულში მხოლოდ ერთხელ ხდება. და მაშინ შემოქმედი თავს გრძნობს ღვთაების საყვირად, მოწყალების ბარძიმად და თითქმის ღმერთად. ამგვარი აღგზნებული განცხრომისა და მძლავრი ზეშთაგონების აღწერას ვხდებით ჰუგო ვოლფის წერილებში; ჩვეულებრივ ამ აღგზნებასა და შეშთაგონებას მოსდევს ხოლმე სულიერი სიცარიელე და შემოქმედებითი უძლურება. მაგრამ დამბლადაცემულის განსხივოსნების ყველაზე შესანიშნავ გამოსახვას, სტილისტური სრულქმნის ბრწყინვალე ნიმუშს შეიცავს ნიცშეს წიგნის - "ესსე homo" - III ნაწილის თავი ზარატუსტრაზე. "აქვს კია ვინმეს ახლა, მე-19 საუკუნის დასასრულს, - კითხულობს იგი, - ნათელი წარმოდგენა იმაზე, თუ რას უწოდებენ შთაგონებას უფრორე მძლავრი საუკუნის პოეტები? თუ
არა, მაშინ ამას მე განგიმარტავთ". ჩვენ ვხედავთ, რომ ნიცშე თავის განცხადებას აღიქვამს, როგორც რაღაც ატავისტურს, როგორც დემონურ აკვიატებას, რაც, მისი აზრით, კაცობრიობის სხვა, უფრო "მძლავრი", ღმერთთან უფრო ახლომდგომი ეპოქების დამახასიათებელია და არ შეესაბამება ჩვენი სუსტი, გონებისმიერი საუკუნის ფიზიკურ შესალებლობებს. ამასთან, იგი "მართლად" აღწერს (მაგრამ ამ შემთხვევაში რა არის "მართალი" - პირადად განცდილი თუ მედიცინის მოწმობა?) აღტყინების დამღუპველ მდგომარეობას, რაც დამცინავად უძღვის წინ დამბლურ კოლაპსს. "მარადიული მიმოქცევის" ნიცშესეული თეორია, რასაც იგი ესოდენ ყოვლისმომცველ მნიშვნელობას ანიჭებდა, ალბატ, ევფორიით გახლდათ წარმოშობილი, მასზე არ ვრცელდებოდა მუდმივი ინტელექტუალური კონტროლი, და, ამასთანავე, ეტყობა, ის მისი საკუთარი შემოქმედების ნაყოფი კი არა, რაღაც ლიტერატურული რემინისცენცია იყო. მერეჟკოვსკი მიუთითებდა, რომ "ზეკაცის" იდეა უკვე გვხდება დოსტოევსკისთან ზემორეხსენებული ბნედიანის - კირილოვის სიტყვებში ("ეშმაკნი"): "მაშინ იქნება ახალი ცხოვრება, ამბობს დოსტოევსკისთან ეს პროვინციელი ნიჰილისტი, - მაშინ იქნება ახალი ადამიანი, და ტოველივე ახალი იქნება... ისტორიას მაშინ ორ ნაწილად გაჰყოფენ: გორილიდან დაწყებული ღმერთის მოსპობამდე და ღმერთის მოსპობიდან დედამიწისა და ადამინის ფიზიკურ გარდაქმნამდე". ესე იგი ღმერთისკაცის, ზეადამიანის გამოცხადებამდე, ოღონდ, მე მგონი, აქ აღუნიშნავი ჩება, რომ დოსტოევსკისთანაც ხვდებით "მარადიული მიმოქცევის" იდეას, სახელდობრ, "კარამაზოვებში" ივანე ეშმაკს რომ ესაუბრება: "შენ ჩვენს ახალ დედამიწაზე ფიქრობ, არა? ის ხომ ვინ იცის, ალბათ, მილიონჯერ განმეორებულა: ჰოდა, ყავლიც გასვლია, გაყინულა კიდეც, დახეთქილა, დაქუცმაცებულა, შემადგენელ ნაწილებად დაშლილა, წყლად ქცეულა, მერე კვლავ გამკვრივებულა, კომეტებად გარდაქმნილა, ისეც მზეეებრ უნათია და მზიდან ისევ დედამიწად შთენილა - ეს მიმოქცევა ხომ უსასრულოდ განმეორებულა მისხალმისხალ. ეს ყველაფერი ყელშია ამოსული... "დოსტოევსკი ეშმაკის პირით "ყელში მოსულს: უწოდებს იმას, რასაც ნიცშე დიონისეული ღაღადისით ნათლავს და აღფრთოვანებით შესძახებს ხოლმე" "რამეთუ გეტრფი, ო, მარადისობავ!" მაგრამ მისი აზრიც იგივეა და თუ ზეკაცის ნაფიქრში სულიერ ძმათა კონგენიალობას ვგულისხმობ, სამაგიეროდ, :მარადიულ მიმოქცევას" განვიხილავ, როგორც განსწავლულობის ნაყოფს, როგორც გაუთვიცნობიერებელ, ევფორიულად შეფერადებულ მოგონებას დოსტოევსკიზე. თუმცა, შეიძლება აქ ქრონოლოგიურ შეცდომას ვუშვებდე, - მა ფაქტის შესწავლას ლიტერატურის ისტორიკოსებს ვანდობ, ჩემთვის არსებითია, ჯერ ერთი, ორივე დიდი სნეულის აზროვნების პარალელიზმი, და მეორე, ავადმყოფობის ფენომენი, როგორც სიდიადე, ანუ სიდიადე, როგორც ავადმყოფობა; სნეულება ხომ ორი განსხვავებული თვალთახედვით შეგვიძლია შევიმეცნოთ - როგორც სასიცოცხლო ძალთა დაკნინებაც და როგორც მათი აღზევებაც წერტილი. ავადმყოფობის, ვითარცა სიდიადისა და სიდიადის როგორ ავადმყოფის წინაშე წმინდა სამედიცინო თვალსაზრისი შეზღუდული და უძლური აღმოჩნდება ასე თუ ისე ცალმხრივი, ნატურალისტური; ამ სამკითხს გააჩნია სულიერი და კულტურული ასპექტები, რაც თვით ცხოვრებასთან მის წინსვლასთანაა დაკავშირებული, ხოლო პროფესიონალ ბიოლოგსა და მედიკოსს კი ამის ბევრი არაფერი
გაეგებათ. ვაცხადებთ: სულ ერთია, იზრდება თუ შესაძლოა, მივიწყებულიდან ხელახლა აღორძინდეს ჰუმანისტური კონცეფია, რომლის თანახმად ცხოვრებისა და ჯანმრთელობის ცნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს უნდა გამოვტაცოთ და უფრო თავისუფლად, უფრო მოწიწებით, თუნდა მეტი გულისყურით უნდა განვიხილოთ, ვიდრე ამას აკეთებს ბიოლოგია, რომელსაც აღნიშნულ სფეროში მონოპოლიის მსგავსი რაღაც გააჩნია, რადგან ადამიანი მხოლოდ ბიოლოგიური არსება როდია. ავადმყოფობა!.. უწინარეს ყოვლისა, გასარკვევია ვინაა ავად, ვინაა შეშლილი თუ ბნედით გათანგული, ანდა დამბლით მისიკვდილებული - ნახევრად შერეკილი, რომლის ავადმყოფობა მოკლებულია სულიერ და კულტურულ ასპექტს, თუ ნიცშეს ან დოსტოევსკის გაქანების ადამიანები. ასეა თუ ისე, ავადმყოფობას თან სდევს რაღაც ისეთი, რაც უფრო მნიშვნელოვანი და ბიძგის მომცემია ცხოვრებისა და ნმისი განვითარებისათვის, ვიდრე ექიმების მიერ დადასტურებული ნორმალურობა. ცნობილია, რომ ცხოვრებას თვინიერ ავადმყოფობისა არასდროს ჩაუვლია და მიმაჩნია, - არ არსებობს უფრო სულელური აზრი, ვიდრე ის, რომ თითქოს "ავადმყოფობას მხოლოდ ავადმყოფი შობს". ცხოვრება ტაკიმასხარობა ყოფილა არასოდეს ყოფილა და შეიძლება ითქვას, შემოქმედებითი გენიალურობის აღმგზნები ავადმყოფობა, მამაცი მხედარივით ფრიალო კლდიდან კლდეზე უშიშრად რომ ხტება და დაბრკოლებებს აცამტვერებს - ხშირად ათასჯერ უფრო ძვირფასია ის, ვიდრე ჯანმრთელობა დაქანცული დაქანცული მგზავრივით რომ მიიზლაზლება სწორ გზაზე. ცხოვრება წუნია პატარძალი როდია; მისთვის სულ ერთია რაიმე ზნეობრივი განსხვავება ავადმყოფსა და ჯანმრთელს შორის - იგი ეუფლება ავადმყოფობის ნაყოფს, ნთქავს მას და ეს-ესაა უნდა მოინელოს კიდევ, რომ ამ დროს ეს ნაყოფი საღ-სალამათად წამოჩნდება ხოლმე. მთელი ბრბო, მთელი თაობა კერკეტი კაკალივით ჯანიანი ყმაწვილებისა, დაესევიან ავადმყოფი გენიოსის ქმნილებებს, ვისი სალმობაც მართლაც გენიოსობაშია გადაზრდილი და აღფრთოვანებით ადიადებენ მას, თან დააქვთ მისი ნაწერები, რომ აქციონ კულტურის საკუთრებად, კულტურისა, რომლეიც ოდენ ჯანმრთელობის შინაური პურით როდი ძუძურდება. დიდი შეშლილის სახელს დაიციფებს ყველა ის ვინც ახლა, მისი სიგიძის მეოხებით სიშმაგისაგან თავს დაიხსნის. ისინი, ჯანმრთელობით გალაღებულნი, მისი სიგიჟით ისაზრდოებენ და იგიც ჯანმრთელი იქნება. მათ შორის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულის ნამდვილი აღმაფრენა და შემეცნება შეუძლებელია ავადმყოფობის, სიგიჟისა და სულიერი "დანაშაულის" გარეშე. და დიდი სალოსნიც კაცობრიობის მსხვერპლს წარმოადგენენ, მისი აღზევების, გრძნობებისა და აღთქმათა მსხვერპლნი ხდებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, ჯვარს ეცმიან, ნახევრად ტარიგად ეწირებიან კაცობრიობის ჯანმრთელობას. აქედანაა სიწმინდის ის შარავანდედი, ეგზომ ცხოველმყოფელად რომ აცისკროვნებს ამ ადამიანთა ცხოვრებას და ესოდენ ღრმად განსაზღვრავს მათ თვითშემეცნებას. ოღონდ თვითშეწირულთათვის ნიშანდობლივი - საკუთარი ძლიერების, რწმენი, გამარჯვების, წინათგრძნობის, ცხოვრების უჩვეულო დაძაბულობის გრძნობათა წყაროც აქვეა, უფრო და უფრო რომ მძაფრდება ყოველი ტანჯვის შემდეგ. აქვეა სეიმურობის გრძნობათა წყაროც, რაც წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, მხოლოდ ილუზიათ შეიძლება ჩაითვალოს; ავადმყოფობისა და ძალის ეს ერთობა ეწინააღმდეგება იგივე ავადმყოფობისა და სისუსტის ერთობაზე საყოველთაო აზრს და მისი
პარადოქსულობა ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენ ამ ადამიანების ცხოვრებას რელიგიური ძრწოლით ვუმზერთ. ისინი გვაიძულებენ გადავსინჯოთ ჩვენი წარმოდგენები "ავადმყოფობასა" და "ჯანმრთელობაზე", სნეულებისა და ცხოვრების თანაფარდობაზე; ისინი გვასწავლიან , რომ აუცილებელია ფრტხილად მივუდგეთ "ავადმყოფობის" ცნებას, რაშიც ყოველთვის მზად ვართ დავინახოთ ბიოლოგიურად უარყოფითი წანამძღვარი. სახელდობრ, ამაზეა ლაპარაკი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებულ ნიცშეს ჩანაწერებში "ლტოლვა ძალაუფლებისაკენ". "ჯანმრთელობა და ავადმყოფობა? - სიფრთხილე გვმართებს, - ამბობს იგი - ესენი სხეულის გაფურჩქვნით, სულის აღმაფრენით, ვაჟკაცურობითა და სიკასკასით განიზომებიან. ოღონდ, რა თქმა უნდა, იმითაც, თუ რაოდენი სატკივარი შეუძლია იტვირთოს და გადალახოს (ხაზი ნიცშესია). სენი, რომელმაც შეიძლება სათუთი ადამიანი იმსხვერპლოს, დიადი ჯანმრთელობისათვის მხოლოდ ბიძგის მიმცებს წარმოადგენს". ნიცშეც გრძნობდა საკუთარ არსებაში იმ დიად ჯანმრთელობას, რომელისთვისაც ავადმყოფობა სტიმული გახლავთ. მასთან სენისა და ძალის თანაფარდობა იმგვარად გვესახება, რომ ძალის უზენაესი შეგრძნება, ისევე როგორც ამ ძალის შემოქმედებითი გამოხატულობა, ავადმყოფობის ნაყოფი აღმოჩნდება ხოლმე (დამბლის არსი ხომ ასეთია). ბნედიანი დოსტოევსკის შესწავლისას კი თითქმის იძულებულნი ვართ მის ავადმყოფობაში ჭარბი ძალის ნაყოფი, ტიტანური ჯანმრთელობის უკედურესი ფორმა, რაღაცნაირი აფეთქება დავინახოთ და დავრწმუნდეთ იმაში, რომ უმაღლეს სიცოცხლისუნარიანობს ფერმიხდილი უძლურების შტრიხებიც შეიძლება გააჩნდეს. სხვას არაფერს ისე არ აურდაურევია ჩვენი ბიოლოგიური წარმოდგენები, როგორც ამ ადამიანის ცხოვრებას: იგი ნერვების გორგალია, მას აძაგძაგებს, ყოველ წამს კრუნჩხვა ეუფლება, ისეთი მგრძნობიარეა, თითქოს ტყავი გაუძვრიათ და ჰაერის შეხებაც კი ტკივილს გვრისო (ვეყრდნობით "ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან). ასე იყო თუ ისე, მან 60 წელი იცოცხლა (1821-1881) და ოთხი ათეული წლის ლიტერატურული შრომის შედეგად შექმნა არნახული სიახლისა და გამებდაობის პოეტური სამყარო - აურაცხელ პერსონაჟთა სამკვიდრო, სამყარო, რომელშიც ბორგავენ უზარმაზარი ვნებანი და რომელიც დიდია არამარტო აზრისა და გულის "დანაშაულებრივი" აღტყინებით, რაც ადამიანზე ჩვენი ცოდნის საზღვრებს აფართოებს, არამედ მასში დუღს, თუხთუხებს გამომწვევი სიანცე, ფანტასტიური კომიზმი და "სულის მხიარულება", რამეთუ ეს წამებული ვნებათა მთმენი, სხვათა შორის, საოცარი იუმორისტიც იყო. დოსტოევსკის აქ წარმოდგენილი ექვსი ნაწარმოების მეტი რომ არაფერი დაეწერა, უეჭველია, მისი სახელი მაშინაც კი მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერდა მსოფლიო კაზმულსიტყვაობაში. მაგრამ ისინი იმის ერთ მეათედსაც ძვლივს წარმოადგენენ, რაც მწერალს შეუქმნია. მეგობრები კი, რომლებიც სწვდებოდნენ მისი თხზულებების ჩასახვის იდუმალ საწყისებს, ირწმუნებიან, რომ თეოდორ მიხეილის ძეს იმ რომანების ასევე მეათედიც კი არ დაუწერია, რომლებსაც გულში, ასე ვთქვათ, სრულქმნილებს ატარებდა და რომლებზედაც დაწვრილებითა და აღფრთოვანებით ყვებოდაო. ამ ურიცხვი ჩანახატების დამუშავებისათვის მას, უბრალოდ. დროც არ ჰყოფნიდა. ჩვენ კი სურთ დაგვარწმუნონ, თითქოს ავადმყოფობა სასიცოცხლო ძალებს აქრობსო. მკვიდრად ნაგებ ეპიკურ ძეგლებს - "დანაშაული და სასჯელი", "იდიოტი",
"ეშმაკნი", "ძმები კარამაზოვები" (თუმცაღა ესენი ეპიკური ნაწარმოებები კი არა, სასცენო ყაიდაზე აგებული გრანდიოზული დრამებია, რომლებშიც ასახულია ადამიანის სულის ყველაზე მრუმე ჯურღმულები და ხშირად მოქმედება მხოლოდ რამდენიმე დღე თუ გრძელდება). ზერეალური და მგზნებარე დიალოგების მეშვეობით დოსტოევსკი ამ ნაწარმოებებს რომ ქმნიდა, არამარტო ავადმყოფობა უტევდა, არამედ ვალების ულმობელი ჭახრაკებითა და დამამცირებელი ფინანსური მდგომარეობით იყო შემოჭილი, რაც მას აიძულებდა ეწერა არაადამიანური სისწრაფით. ერთხელო, - იგონებს იგი, - სამუშაო დათქმულ დროზე რომ დამემთავრებინა, ორი დღე-ღამის განმავლობაში სამნახევარი დაბეჭდილი თაბახი, ე.ი. 56 გვერდი დავწერეო. იგი მევალეებს უცხოეთში გაქცევია, ბადენ-ბადებისა და ვისბადენისათვის მიუშურებია, აზარტული თამაში დაუწყია, რასაც ხშირად მისი გაკოტრება მოჰყოლია. მერმე თავისი მხატვრული წარმოსახვის ერთ-ერთი უბრწყინვალესი გმირის მავანი მარმელადოვის მომნანიებლური ენით ვედრების ცრემლნარევ ბარათებს იწერებოდა. აზარტული თამაშებისადმი მისწრაფება, მისი მეორე ავადმყოფობა, შესაძლოა მისი პირველი სნეულების ნაყოფი გახლდათ; იგი მთლად დაუმონებია მას. ამ გარემოებას უნდა ვუმადლოდეთ გასაოცარი რომანის "მოთამაშის" შექმნას. ნაწარმოებში მოქმედება გერმანიის ერთ-ერთ აგარაკზე ვითარდება. აგარაკს მწერალმა ფრიად უფერული, გაუგონარი სახელი რულეტენბურგი შეარქვა. სწორედ ამ რომანში აქამდე არნახული სიმართლით აისახა, დემონის სულში ჩასახლება. ეს შედევრი 1867 წელს შეიქმნა, ე.ი. "დანაშაულისა და საჯელის" (1866 წ.) და "იდიოტის" (1868-69 წლები) შუალედში თუმცაღა სრულქმნილი ნაწარმოებია. მაგრამ მათზე მუშაობა ავტორისათვის მაინც სულის მოთმქა იყო. "მოთამაშე" ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ნაწარმოებთაგან ყველაზე გვიანდელია, რადგანაც დანარჩენები 1846-1864 წლებს განეკუთვნება. ყველაზე ადრეული, პათოლოგიური გროტესკი "ორეული" იმავე წელს გამოქვეყნდა, როცა დოსტოევსკის პირველი რომანი "საბრალო ადამიანები" (1846 წ.) დაისტამბა. მაკარ დევუშკინის თავგადასავლის გამოქვეყნება რუსეთში მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ხოლო "ორეულმა" იმედების გაცრუება გამოიწვია და არცთუ მთლად უსაფუძვლოდ. რადგან მართალია, ამ მოთხრობაში არის გენიალური ადგილები, მაგრამ დოსტოევსკი შეცდა, როცა მიიჩნია, თითქოს ამ ნაწარმოებით იგი გოგოლზე მაღლა აღზევდა, რომელმაც "ორეულის" ავტორზე დიდი გავლენა მოახდინა. იგი ვერ გასცდა ედგარ პოს "ვილიამ ვილსონსაც" კი - ამერიკელმა მწერალმა რომანტიულ სიუჟეტს დიდი ზნეობრივი სიღრმე მიანიჭა და პათოლოგია მთლიანად პოეზიად გარდაქმნა. ჩვენ გამოცემაში ისეთი ქმნილებებიც შევიტანეთ, რომლებიც დოსტოევსკიმ "შესვენებისა" თუ დიდი ნაწარმოებების შექმნის სამსადისში შექმნა. მერედა, არ იტყვით, რა ნაწარმოებებია ესენი? მის გასამართლებასა და ომსკში გადასახლებას წინ უძღვის 1848 წელს გამოქვეყნებული მოთხრობა "მარადი ქმარი", რომელშიც დაბადებითვე რქებდადგმული, დაბეჩავებული ტაკიმასხარა წარმოგვისახა, რომლის გაბოროტება და სულიერი ვნებანი საოცარ განცდებს შობს. ამ პერიოდს მოსდევს შესვენება - კატორღის საშინელი წლები, რომლებიც მოგვიანებით, პეტერბურგში, აისახა მის წიგნში "ჩანაწერები მკვდარი სახლიდან" (1861 წ.), რამაც მთელ რუსეთს ცრემლი მოჰგვარა და თვით მეფეც კი
ააქვითინა. მაგრამ დოსტოევსკის ლიტერატურული საქმიანობის აღორძინება განეკუთვნება 1849 წელს. როცა მან, ჯერ კიდევ ციმბირში, დაწერა მოთხრობა "სოფელი სტეფანჩიკოვო და მისი ბინადარნი", რომელიც გახმაურდა დესპოტისა და თვათმაქცის ფომა ოპინსკის უბადლო სახის მეოხებით; ეს კომიკური პერსონაჟი გვერდს უმშვენებს შექსპირისა და მოლიერის პერსონაჟებს. უნდა ითქვას, რომ "ძიას სიზმარი", უშუალოდ რომ მოჰყვა ამ დიდებულ მოთხრობას, უკან გადადგმული ნაბიჯია. იგი ძალზე გაჭიანურებულ ხუმრობად მეჩვენება, რომლის მოცულობა უმნიშვნელო შინაარსს არ შეესაბამება, ხოლო დასკვნითი ნაწილი, ჭლექიანი ახალგაზრდა მასწავლებლის ამბავი, გაუსაძლისი სენტიმენტალურიბითაა აღსავსე. ეს კი დიკენსიდან მომდინარეობს; მან ახალგაზრდა დოსტოევსკიზე ძლიერი გავლენა იქონია. თუმცა "ძიას სიზმარში", უდავოდ, შთამბეჭდავია ამაყი რუსი ქალიშვილის ზინაიდა აფანასიევნას სახე. ავტორს აშკარა და გადამდები სიყვარულით უვარს თავისი გმირი, - იმ ავტორს, რომლის ქრისტიანული თანაგრძნობაც უფრორე ადამიანურ კაეშნთან, ცოდვებთან, ბიწიერებასთან, ავხორცობასა და დანაშულებებთანაა წილნაყარი, ვიდრე ხორცუსა და სულის კეთილშობილებასთან. ამ თანაგრძნობასა და თავზარდამცემი ცხოვრებისეული გამოცდილების დასტური, რომელიც შიშსა და სათნოებას გვინერგავს, გახლავთ "ჩანაწერები იატაკქვეშიდან", 1864 წელს რომ შეიქმნა. ამ ჩანაწერებს ჩვენ კრებულში ცენტრალური ადგილი უჭირავს - იგი შინაარსით უფრო ახლოსაა დოსტოევსკისათვის ნიშანდობლიც ვრცელ ნაწარმოებებთან. "ჩანაწერებს" მწერლის შემოქმედებაში გარდატეხის მომენტად, საკუთარი თავის შემეცნებისაკენ ლტოლვად მიიჩნევენ. უკვე დიდი ხანია კაცობრიობის ზნეობრივ კულტურის მონაპოვარს განეკუთვნება ტანჯვა და აბუჩად აგდება, რამ ამ რომანშია ასახული/; მისი უსაზღვრო გულახდილობა რომანისა და საერთოდ ლიტერატურისათვის დამახასიათებლ ყოველგვარ მიჯნებს აჭარბებს. ჩვენ კი იმის წარმოდგენაც გვიჭირს, რა მქისე სენსაცია, "იდეალისტი" ესთეტების როფგორი სასტიკი პროტესტი და ჭეშმარიტების ფანტასტიურ ქომაგთა რა მგზნებარე აღტაცება გამოიწვია ამ წიგნის გამოჩენამ. მე მოგახსენებთ შეუბრალებლობაზე, დოსტოევსკი ანუ პირველი პირით მოლაპარაკე გმირი, უფრო სწორად გმირი კი არა, - "ჩანაწერების" ანტიგმირი გაინაღდებს შეუბრალებლობის უფლებას და ამისათვის პირობითს ილეთს იყენებს - თითქოსდა იგი საზოგადოებისათვის, დასასტამბად, და საერთოდ მკითხველისათვის, თანაც სრულიად საიდუმლოდ. აი, აზრთა მისი მდინარება: :ყოველი ადამიანის მოგონებებში არის ისეთი რამ, რასაც იგი ყველას კი არა, მხოლოდ მეგობრებს უმხელს; არის კიდევ ისეთი რამეებიც, რასაც მეგობრებსაც ვერ უმჟღავნებს, და, ბოლოს, იმდაგვარი იდუმალებაც მოიძევება, კაცი საკუთარი თავისადმი განდობასაც რომ ეკრძალვის - ასეთი რამ წესიერ ადამიანს ბევრი დაუგროვდება ხოლმე. დიახ, ასე ხდება: რაც უფრო წესიერია პიროვნება, მსგავსი ნაკლოვანებანი მასთან მით უფრო მრავლად იყრის თავს. ასეა თუ ისე, დიდი ხანია არ არის, რაც თავადაც გავიხსენე ზოგიერთი ჩემი ადრინდელი ფათერაკი, აქამომდე გვერდს რომ ვუვლიდი რაღაცნაირი მღელვარებითაც კი..." გმირის შემარცხვენელი, მისი ამ "ადრინდელი ფათერაკების" ჩანაწერების რომანის შინაარს წარმოადგენ, რომელშიც ა,აზრზენი და მომხიბლავი უჩვეულოდაა ერთმანეთსი ჩახლართული. ავტორი, ანუ ის, ვისაც დოსტოევსკი
ავტორად რაცხს, თითქოს ცდას ატარებს. მას სურს გაისიგრძეგანოს, "შეიძლება თუ არა, თუნდაც საკუთარ თავთან გულახდილი იყო და არ გეშინოდეს ნებისმიერი სიმართლისა?" იგი ჰაინეს იგონებს, რომლის მტკიცებითაც ნამდვილი ავტობიოგრაფიები თითქმის არც არსებობს. ადამიანი თავის თავთან კი ცრუობს რუსოსდაგვარად, რომელმაც პატივმოყვარეობის გამო თავისი პერსონაჟიც კი ტყუილების გუდად აქცია. ავტორი ამაზე ყაბულსაა, მაგრამ რუსოსგან იმით განსხვავდებიო, - ამბობს იგი, - რომ რუსო აღსარებას აღავლენს საზოგადოების წინაშე, მე კი მხოლოდ ჩემი თავისთვის ვწერ და ერთხელ და სამუდამოდ ვაცხადებ: თუ მე ვწერ და მკითხველს მივმართავ, ამას მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ვაკეთებ. რომ ასე წერა უფრო ადვილია. აქ მხოლოდ ფორმაა, მხოლოდ და მხოლოდ ლიტონი ფორმა." მაგრამ ეს ხომ მართალი არაა - დოსტოევსკი საზოგადოებისათვის, პრესისათვის, მკითხველთა რაც შეიძლება ფართო წრისათვის წერდა, თუნდაც იმიტომ, რომ მას ამ გზით ფულის შოვნა ეწადა, ხუმრობააა და მეტი არაფერი ავტორის სრული განმარტოების, ლიტერატურიდან განდგომის სურვილი, რითაც იგი ყოვლისმომცვლელი ცინიზმის, სულიერი გულახდილობის გამართლებას ცდილობდა. მაგრამ გამონაგონი გამონაგონში, თითქოსდა მკითხველისადმი ფაქტიური მიმართვა, ვიღაც "ბატონების" წარამარა ხსენება, მათთან მთხრობელის დაუსრულებელი დისკუსია ძალზე საჭიროა, რადგან თხრობაში კამათის, დიალექტიკის, დრამატურგიის ელემენტები შემოაქვს. დოსტოევსკი შესანიშნავად ფლობს ყოველივე ამას და ეს ანიჭებს მიმზიდველობას - ამ ცნების უმაღლესუ გაგებით - მის ყოველივე სერიოზულს, ვერაგულსა და ქვეშეცნეულს. გამოგიტყდებით, "იატაკქვეშეთის ჩანაწერების" პირველი ნაწილი მე უფრო მომწონს, ვიდრე მეორე - კახ[ა ლიზას შემაძრწუნებელი და სამარცხვინო თავგადასავალი; თუმცაღა, პირველ ნაწილში მოქმედება კი არა, განსჯა და მხოლოდ განსჯაა, რომელიც ძალზე გვაგონებს დოსტოევსკის დიდი რომანებიდან ზოგი რელიგიური პერსონაჟის სუსუსურ ქაქანს. ისიც მართალია, ეს განსჯანი ძალზე საეჭვონი არიან და მათ ძალუძთ საშისში შედეგებით დასრულდნენ, ვინაიდან ისინი ყოველგვარი რწმენის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებასა და რელიგიიდან განდგომას ეფუძვნებიან, მით უმეტეს, რომ მიმართულნი არიან ცივილიზაციისა და დემოკრატიის, კაცობრიობის მოციქულთა სოციალური სამართლიანობის ქომაგთა წინააღმდეგ; აკი ეს ხალხი ვარაუდობს, თითქოსა ადამიანი ბედნიერებასა და სარფიანობას ელტვის. მაშინ როდესაც, მას ასევე მძფრად სწყურია ტაბჯვა-წამება - შემეცნების ეს ერთადერთი წყარო და სულაც არ ოცნებობს ბროლის კოშკებზე, სოციალური სრულყოფის ჭიანჭველურ ბუდეებზე და უარს არასოდეს იძახის ნგრევასა და ქაოსზე. ყოველივე ეს ძალზე რეაქციული გაბოროტებით ჟღერს და შეუძლია კიდეც დააფრთხოს კეთილი ზრახვის ადამიანები, რაკი ისინი განვითარების აზრს დღეს იმ უფსკრულის გადალახვაში ხედავენ, რომელიც სულიერი იდეალისა და სამარცხვინოდ ჩამორჩენილ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ სინამდვილეს შორის არსებობს. დიახაც, განათლების არსი სწორედ ეს გახლავთ და დოსტოევსკის ეროტიული განსჯანი მაინც ჭეშმარიტია: ეს ცხოვრება ბნელი მხარეა, რომელსაც მზის სხივი არ უდგება, ესაა ჭეშმარიტება, რომლის უგულებელყოფაც არვის ძალუძს იმათთგანს, ვისთვისაც ძვირფასია ჭეშმარიტება საერთოდ.
წინამდებარე წინასიტყვაობა ეძღვნება დოსტოევსკის მთელ შემოქმედებას, მის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს, იმას, რისი დაწერად მან შეძლო ან სურდა დაეწერა, რომ მოესწრო და ადამიანური სიცოცხლის მიჯნებით არ შეზღუდულიყო, ასევე მთელ მის შემოქმედებას ეძღვნება ისიც, რაც არ რუს ტიტანზე მოგახსენეთ. დოსტოევსკი - ოღონდ ზმოიერად, დოსტოევსკი ბრძნულად შეზღუდული - ასეთი გვქონდა დევიზი. როდესაც ერთ-ერთ მეგობარს გავანდე ჩემი განზრახვა ამ კრებულის წინასიტყვაობის დაწერის თაობაზე, მან ღიმილით მითხრა: - ფრთხილად, წიგნი არ გამოგივიდეთ, მეც შევეცადე.